ფინეთი ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ მისი საჰაერო სივრცის შესაძლო დარღვევის ფაქტს იძიებს.
ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცე სავარაუდოდ დაირღვა პარასკევს შუადღის პირველ ნახევარში ქალაქ პორვოოს მახლობლად, რომელიც რუსეთთან საზღვრიდან 130 კილომეტრში მდებარეობს.
„საზღვრის სავარაუდო დარღვევის შესახებ ცნობებს სერიოზულად ვეკიდებით და გამოძიებას ვაწარმოებთ“, - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა.
ეს დასავლეთის ქვეყნების კიდევ ერთი განცხადებაა რუსული თვითმფრინავების მიერ მათი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ.
გასულ კვირას ბალტიის ქვეყნებში ნატო-ს გამანადგურებლები, რომლებიც საჰაერო საპატრულო მისიებს ასრულებდნენ, ოთხჯერ აფრინდნენ, რუსული თვითმფრინავების იდენტიფიკაციისათვის, რომლებმაც ფრენის წესები დაარღვიეს.